თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობის, 780 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეფლნენ და გაასხვისეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ოთხი პირი 6 ნოემბერს დააკავეს. სამ პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, ხოლო 1 პირს სამსახურებრივი სიყალბესა და თაღლითობაში დახმარების ფაქტებზე წარედგინა.
ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის სამ წევრს ბრალდება წარედგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად.