თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც დაახლოების მნიშვნელოვან ფორმატსა და მექანიზმს წარმოადგენს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუტე სამიტი 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, რადგან უნგრეთი 2024 წლის ბოლომდე როტაციით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. სამიტზე მიწვეული არიან ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების და ევროპის სხვა სახელმწიფოების ლიდერები. სულ დაგეგმილია 47 სახელმწიფოს მონაწილეობა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია ზოგადად, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მექანიზმი იმისთვის, რომ პოლიტიკურად ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ ერთმანეთს, აღნიშნა მინისტრმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განხილვის მთავარი თემა არის ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
როგორც მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა მიგრაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება, დაკავშირებადობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და გლობალური ვაჭრობა.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.