თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის გარემოცვა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვას გეგმავს, თუმცა იარაღის მიწოდებას განაგრძობს, სანაცვლოდ კი კიევი უნდა დაპირდეს, რომ დროებით უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, წერს Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს გეგმა ითვალისწინებს კონფლიქტის გაყინვასა და ფრონტის ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
„ტრამპის გარდამავალი ოფისის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი ვარიანტი, სავარაუდოდ, მოიცავს კიევის დაპირებას, არ შევიდეს ნატო-ში მინიმუმ 20 წლის განმავლობაში. ამის სანაცვლოდ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის იარაღით მომარაგებას“, — ნათქვამია სტატიაში.
ამასთან გაურკვეველია, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დემილიტარიზებულ ზონაში წესრიგის დაცვაზე. როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, „სამშვიდობო ძალები“, სავარაუდოდ, არ მოიცავს აშშ-ის ჯარს ან შტატების მიერ დასპონსორებულ კონტინგენტს საერთაშორისო ორგანიზაციიდან, როგორიცაა გაერო.
„ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ წვრთნებით და სხვა სახის მხარდაჭერით, მაგრამ იარაღის ლულა იქნება ევროპული. <...> დაე, ეს გააკეთონ პოლონელებმა, გერმანელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა“, - თქვა გამოცემის წყარომ.
თუმცა, როგორც WSJ აღნიშნავს, ტრამპს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინის კონფლიქტის მოგვარების არცერთი გეგმა.