თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოხარულია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, განაცხადა მმართველი პარტია `ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
Fox News-ის ცნობით, რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე მოიპოვა გამარჯვებისთვის საჭირო 270-დან 267 ამომრჩეველის მხარდაჭერა, ხმების დათვლა კვლავ გრძელდება. თავად ტრამპმა უკვე გამოაცხადა არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ და პროგნოზირებს, რომ ჯამში 315 ხმაზე მეტს მიიღებს.
„ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდერებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს განსაზღვრავს არა რიგითი ამომრჩეველი, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება სხვადასხვა შტატის 538 წარმომადგენლისგან. ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეული რეგიონიდან მოსახლეობის პროპორციულია და მერყეობს სამიდან 55-მდე.
თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს შტატის მაცხოვრებლების 50%-ზე მეტი, ის მიიღებს ყველა ამომრჩევლის ხმას (ყველგან, გარდა მეინისა და ნებრასკასა).
მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით გასამარჯვებლად საჭიროა მინიმუმ 270 ამომრჩევლის ხმა.
აშშ-ში სამშაბათს არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ კონგრესის ორივე პალატის არჩევნები ჩატარდა.
ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა დაიბრუნეს კონტროლი სენატზე და შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატას, შესაბამისად, პარტია კონგრესს ჩაუდგება სათავეში.