თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო პროცესების რეგიონალიზაცია, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებელ პოლიტიკაზე დასავლეთის აგრესიული რეაქციის ხარჯზე მოხდა, არის გამაჯანსაღებელი პროცესი, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიურ სხდომაზე.
„სწორედ დასავლეთმა, რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების დამოუკიდებელ პოლიტიკაზე თავისი რეაქციით, რაც აბსოლუტურად უკანონო აგრესიულ ეკონომიკურ სანქციებში აისახა, დაანაწევრა გლობალიზაციის ის სისტემა, რომელიც მისი ნიმუშების მიხედვით იქმნებოდა, და სტიმული მისცა მსოფლიო ცხოვრების რეგიონალიზაციის პროცესებს“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ამავდროულად, ლავროვმა აღნიშნა, რომ არავინ აპირებს არსებული ინსტიტუტების განადგურებას, როგორებიცაა მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.
თუმცა, მისი თქმით, გლობალურ სამხრეთსა და აღმოსავლეთში სულ უფრო მეტი რეგიონალური ორგანიზაცია ფიქრობს ალტერნატივებზე, რომლებიც დაცული იქნება გარე ჩარევისგან. ეს ეხება გადახდის პლატფორმებს, ლოგისტიკურ მარშრუტებსა თუ სატრანსპორტო შეთანხმებებს.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიური შეხვედრა სოჭში ორშაბათს, 4 ნოემბერს დაიწყოდა 7 ნოემბრამდე გასტანს. შეხვედრის თემაა „გრძელვადიანი მშვიდობა – რა საფუძველზე? საყოველთაო უსაფრთხოება და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში“.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ არის წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.