თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 15 ათასამდე ნერგის დარგვა. ასევე ქვედა ზონაში მოეწყობა ატრაქციონები პატარებისთვის, ასევე საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის და პადელის მოედნები.
პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3,6 მლნ ლარს შეადგენს.
„ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარია. აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად იყრება სამშენებლო ნაგავი. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა დადეს ამ ტყე-პარკის განვითარების ძალიან კარგი კონცეფცია და სამუშაოები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობისას.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას 3-4 წელი დასჭირდება.
„ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელსაც სჭირდება სწორად ათვისება. ტყეში მაქსიმალურად შენარჩუნდება მისი ბუნებრიობა, თუმცა იქნება მეტად მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები.
ხუდადოვის ტყეს ეს სახელი მიენიჭა ცნობილი ექიმის ნიკოლოზ ხუდადოვის პატივსაცემად, რომელმაც 1893 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის მასივი გააშენა. 1990-იან წლებში ტყე საგრძნობლად დაზიანდა იქ დასაწყობებული საშენი მასალებისა და სხვა ნარჩენების გამო.