საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ავტობუსების დანიშვნა სურთ

ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 20 ქვეყანაში 39 მიმართულებით ასრულებენ.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა გამარტივდება - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოიწვია კომპანიები, მონაწილეობა მიიღონ ავტობუსებით ქუთაისის აეროპორტში საქართველოს დიდი ქალაქებიდან მგზავრების გადაყვანაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით მოიწვია ყველა ის პირი, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს. ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა ქუთაისის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებები და გაზრდილი მგზავრთნაკადი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცეს ოპერირების საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ 2024 წლის 15 ნოემბრის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21 ან ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge.
2024 წლის 9 თვის მანძილზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.
ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 20 ქვეყანაში 39 მიმართულებით ასრულებენ.