თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თუ აქვს სურვილი, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, მან უნდა მოძებნოს გზა, რომ გამოიძიოს ყველა სადავო საკითხი და განიხილოს ისინი ცივილიზებულად, განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ორშაბათს, 4 ნოემბერს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური ძალების მასობრივი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
„ეს არის გამოძიების საკითხი. გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირის კანდიდატისგან. ეს არჩევნები როგორც ჩატარდა, არის კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორება საქართველოს ევროკავშირიდან", - განაცხადა ფიშერმა.
ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
გარდა ამისა, ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის შესახებ განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", რომელმაც 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
აღნიშნულ ბრალდების პასუხად ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმადაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.