თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, მიმდინარე წლის სამ კვარტალში მთლიანობაში 147.9 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში ვიდეოკამერებმა 2,5 მლნ დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 1,2 მლნ – თბილისში.
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ. ამ ფასდაკლებით 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში ისარგებლა 1,2-მა მილიონმა მძღოლმა. ბიუჯეტში შევიდა 52,4 მლნ ლარი.
ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 7.994 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული, მათგან 2.356 ნომერის ამომცნობი კამერაა.
საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ამასთან ადგილობრივი ავტომფლობელები იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და უწყებას რეგისტრაციის მისამართზე. ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.
უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტოობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შესვლაზე უარი.
2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის სასჯელი რამდენჯერმე გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.