დეპუტატი: პრეზიდენტის მიზანი საქართველოს რეპუტაციის შელახვაა

ქართველი დიპლომატები იმალებიან საელჩოებში, როგორც სამალავებში, მათ შორის ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მდუმარედ უყურებენ ხელისუფლება თუ როგორ თელავს საქართველოს ევროპულ გზას, დაწერა ზურაბიშვილმა
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნის რეპუტაციას და მოსახლეობის სტრესულ მდგომარეობაში ამყოფოს, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ სოციალურ ქსელში.
3 ნოემბერს ზურაბიშვილმა ინტერნეტ-სივრცეში დაწერა, რომ დღევანდელი ქართველი დიპლომატები არ იმსახურებენ ქართული დიპლომატიის დღის მილოცვას. მისი თქმით, დიპლომატები იმალებიან საელჩოებში, როგორც სამალავებში, მათ შორის ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მდუმარედ უყურებენ, საქართველოს ხელისუფლება „ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს" და დგამს ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით.
„სალომე ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე აყენებს შეურაცხყოფას არათუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს მისი პოსტი პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ამ ადამიანს ამ ქვეყნის დისკრედიტაციის, რეპუტაციის შელახვისა და მოსახლეობის დასტრესვის გარდა სხვა მიზანი არ აქვს", - განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე კვირაში ეწურება.
საქართველოს მომავალ პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ადრე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით კენჭისყრისთვის, რათა საქართველო დააბრუნოს განვითარების ევროპულ გზაზე.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის (1658—1725) დაბადების დღეს.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბულია. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.