თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა, იუწყება „პირველი არხი".
ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 2:5 აგებდა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბასილაშვილმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 213-ე ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.