ავტომობილების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოში – ბოლო მონაცემები

ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელდა 39,8 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,8 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 30,5 ათასი ავტომობილი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პირველ კვარტალში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი. მეორე კვარტალში ავტომობილების იმპორტმა შეადგინა 35,2 ათასი, ექსპორტმა - 2,9 ათასი, რეექსპორტმა კი 24,9 ათასი.
უწყების ცნობით, სამი კვარტლის განმავლობაში ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.
ავტომობილების ექსპორტი
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 3.837 ავტომობილი გაიყვანა.
2024 წლის მესამე კვარტალში ქვეყანამ გაყიდა 3.688 მსუბუქი ავტომობილი, 17 სპეციალიზებული ავტომობილი, 42 სატვირთო, 36 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 3 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 32 მისაბმელი და 19 მოტოციკლი.
ავტომობილების რეექსპორტი
2024 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში რეექსპორტზე გავიდა 30.535 ავტომობილი.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 30.048 მსუბუქი ავტომობილი, 53 სპეციალიზებული ავტომობილი, 218 სატვირთო მანქანა, 33 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 20 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 94 მისაბმელი და 69 მოტოციკლი.
ავტომობილების იმპორტი
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ მესამე კვარტალში 39.758 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
2024 წლის 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 35.083 მსუბუქი ავტომობილი, 496 სპეციალიზებული ავტომობილი, 2.536 სატვირთო მანქანა, 227 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 337 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 564 მისაბმელი და 515 მოტოციკლი.