თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა მთლიანობაში 5,7 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 18,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი განთავსებაზე, საკვებსა და სასმელზე დაიხარჯა.
საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯები საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 15,2%-ით გაიზარდა 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით და 2426 ლარი შეადგინა.
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს 2,8 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,5%-ით მეტია.
ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 2,4 მლნ შეადგინა, რაც 2,5%-ით მეტია 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,9 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 8,3%-ით მეტია.
მესამე კვარტალში ტურისტების უმეტესობა აჭარას და თბილისს ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 6,2 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 496 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 24,6%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 17,4% ) და სომხეთი (13,1%).
უცხოელებმა რუსეთიდან 583,5 ათასი ვიზიტი შეასრულეს, თურქეთიდან – 436,3 ათასი, სომხეთიდან – 344,6 ათასი ვიზიტი.