თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) მერი გიორგი (გია) ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება - თრომბი გახდა.
გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციური მერი იყო საქართველოში. 2021 წელს მან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთმა კანდიდატმა, შეძლო არჩევნებში მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ კონკურენტის დამარცხება.
გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.