დანაშაული საქართველოში: მონაცემები განახლდა

2024 წლის პირველ სამ კვარტალში ყველაზე გავრცელებული დანაშაული გახდა ქურდობა და ნარკოდანაშაული
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი 3,78%-ით შემცირდა, დანაშაულის საერთო რაოდენობამ 39,6 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ჩადენილი 39.571 დანაშაულიდან გახსნილია საქმეების 63,7%.
დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი დანაშაულების გამოვლენაში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, იძულება, მუქარა, კრიმინალური სამყაროს წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, 2024 წლის ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი დანაშაულების მაჩვენებელი, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა ან გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანება, ქორწინების იძულება, სექსუალური დანაშაული, პირადი ცხოვრების და კომუნიკაციის ფარულობის დარღვევა, ადევნება და მუქარა.
მრავალი წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა უკანონო აბორტები, ბავშვის შეცვლა, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა, ოფიციალური დოკუმენტის ან სახელმწიფო ჯილდოს შეძენა ან გასაღება, შხამის ბრუნვის წესის დარღვევა.
2024 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული:
ქურდობა – 10 306 დანაშაული
ნარკოდანაშაული – 4 900
მუქარა – 3 174 დანაშაული
ოჯახური ძალადობა – 2 926 დანაშაული
ძალადობა – 2 496 დანაშაული
გარდა ამისა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა მკვლელობის 53, გაუპატიურების 146, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 81, ადამიანებით ვაჭრობის 7 წამების 3 და არაადამიანური მოპყრობის 17 შემთხვევა.