თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
მერიის ცნობით, ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ასევე ელოდებათ ეკო-შემეცნებითი პროგრამები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება.
„ყვავილების გამოფენაზე“ გაიმართება ასევე თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.