თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარმოადგინოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ან თქვას, რომ ჭორაობდა საერთაშორისო მედიის წინაშე და ძირს უთხრიდა ხალხის რეპუტაციას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
„ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაყალბების შესახებ მტკიცებითი ფორმით განაცხადა.
„ეს ხომ არ არის რაღაც ზოგადი განცხადება „ვფიქრობ რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს“ - თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალი, კონკრეტულად რა არის გაკეთებული, რომ ერთი პირადობით 17-ჯერ იყო ხმა მიცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით მიუთითებს იმაზე, რომ ის არ ერკვევა ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში.
30 ოქტომბერს ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, როგორც ეს ყველა „ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში“ ხდება.
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკოში აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებმა, რომელსაც აკეთებენ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები, მასშტაბურ ხასიათი მიიღო.
ზურაბიშვილის მსგავსად, პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი მის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც განაცხადეს.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.
საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის".