თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. კომპანია RAIMONDI გახდა სანატორიუმ „ლიკანის" აქციების საკონტროლო პაკეტისა და მიწის ნაკვეთის მფლობელი - სანატორიუმის განვითარებისთვის 10. 280 კვადრატულ მეტრ ფართობზე 30 კოტეჯის ასაშენებლად 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
კურორტი ლიკანი ბორჯომში, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალება მინერალური წყალია, რომელიც გამოიყენება როგორც სასმელად, ისე ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვის.
„საპრივატიზებო პირობის თანახმად, 2030 წლის 31 დეკემბრამდე შპს „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „სანატორიუმ ლიკანის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება უნდა უზრუნველყოს, რაც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 30 კოტეჯის მშენებლობას. ამასთან, შეიძლება მოიცავდეს ბორჯომში, სანატორიუმ „ლიკანის" საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებას. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კი, „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს", - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფოს აქციების წილი (99,4%) 2011 წელს დაარსებულ კომპანიას 16.283,293 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა, რომელიც კომპანიამ სრულად ორი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
RAIMONDI ეკუთვნის დავით ჯაშიტაშვილს და შალვა გოგოლაძეს, რომელიც კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ 18 ოქტომბერს დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით მთავრობის რეფორმის შემდეგ გოგოლაძე სპორტის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.