თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის ისეთი დინამიური, როგორც ადრე და ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც საქართველოა, შეუძლიათ ახალი ენერგიის შემოტანა კავშირში, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
სიიარტო თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა. წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან მესამე დღეს ჩამოვიდა.
„ევროკავშირის ამჟამინდელ მდგომარეობას თუ შეხედავთ, ნათელია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის ისეთი დინამიკური, როგორც ადრე. სიახლე გვინდა, ახალი ბიძგი, ახალი ენერგია. საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს კი, განვითარების ასეთი ტემპით, ასეთი ამბიციით, შეუძლიათ ევროკავშირში ამ სიახლის შემოტანა", - განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, საქართველომ ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია. უნგრელმა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპი, სახელმწიფო ვალის დაბალი მოცულობა, საბიუჯეტო დეფიციტის სიმცირე.
„ვიტყოდი, რომ საქართველოს ისევე სჭირდება ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს სჭირდება საქართველო ამ სიახლისა და ახალი ენერგიის მოსაძიებლად. ევროკავშირს გაფართოებისკენ მოვუწოდებთ. ეს ეხება დასავლეთ ბალკანეთს და ასოცირებულ სახელმწიფოებს. გაფართოებისკენ მიმავალი პროცესი უნდა დაჩქარდეს", - განაცხადა სიიარტომ ევროკომისიის მიერ გაფართოების საკითხზე ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან მიიღო, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. ამ ეტაპზე საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან დაძაბულია. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო არათანაბარ პირობებში იმყოფება.
„თუ გახსოვთ, თქვენ წინსვლისათვის წარგიდგინეს წინაპირობათა ჩამონათვალი, რომელიც სხვებისთვის სულაც არ იყო სავალდებულო. ეს გახლავთ უსამართლობა", - განაცხადა სიიარტომ.
კანდიდატის სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა მომდევნო ეტაპის - გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
სიიარტომ საქართველოს კრიტიკას წარმოუდგენელი უწოდა, რის მაგალითადაც მოიყვანა განცხადებები პოლიტიკური ფრაგმენტაციის შესახებ.
„დემოკრატია პოლიტიკური დაყოფის გარეშე როგორ წარმოუდგენია ვინმეს, საპირისპირო რა არის? ერთპარტიული მმართველობა. რაც მეტია პოლიტიკური პარტიების რიცხვი, მით მეტია პოლიტიკური დაყოფაც", - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე მიკერძოებული და სასაცილო უწოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ მოთხოვნებს.
„შეუძლებელია ამ პუნქტების ობიექტური კრიტერიუმებით განსჯა, გამომდინარე აქედან შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია", - განაცხადა მინისტრმა..
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყურადღებით შეისწავლა კოლეგების განცხადებები, რომლებიც, მისი აზრით, სასაცილოა.
„ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არადემოკრატიულია. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და ყველა სხვა გამოწვევა, რომელიც ფურცლებზე წერია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებულ არჩევნებზე შეიძლება დაიწეროს", - განაცხადა მინისტრმა.
სიიარტოს თქმით, ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება გახლავთ არამარტო არასწორი, არამედ დამამცირებელი დემოკრატიისთვის.
„სწორედ ასე გვდებენ ბრალს ჩვენ, თქვენ და მათ, ვინც გულზე არ ეხატებათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიან პირობებს და მიდგომას ყველა კანდიდატ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას და იმედი მაქვს, რომ ეს გამოგვივა. მიმაჩნია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიღების დაჩქარებით დიდ სარგებელს მიიღებს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.