თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობა სრულად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის რეზერვების დახარჯვის პოლიტიკას ეროვნული ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ძლიერი გავლენის გამო და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე სავალუტო აუქციონი ჩაატარა.
„სრულად მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლიან პოლიტიკას. არჩევნებით ძალიან დიდი სიცხადე შემოვიდა, ქართველმა ხალხმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა – მოსახლეობამ მანდატი მისცა ხელისუფლებას, არჩევანი გაკეთდა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო სიგნალია იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში გვექნება სტაბილურობა, რომელიც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა გაურკვევლობის პირობებში სწორი ნაბიჯები გადადგა.
„იყო ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის წნეხი არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ კი ეს წნეხი მოიხსნა – პირიქით, იქნება სიცხადე და აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის რეზერვები გამიზნულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული შოკებისა და გამოწვევების დროს სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
„მიუხედავად მიზეზებისა, ზუსტად იმისთვის უნდა გამოიყენო რეზერვები, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის პროგნოზით, ლარის კურსი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება, რადგანაც მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია.
წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.