თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და უნგრეთი აქტიურად იმუშავებენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
დავითაშვილმა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარტონ ნადისთან შეხვედრა გამართა - საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ამ მიმართულებით გასატარებელი სამუშაო ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა გახდა.
„საქართველოსა და უნგრეთს შორის არის მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომლის მეხუთე სხდომა ბუდაპეშტში 2022 წელს გაიმართა.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
კომისიის მომდევნო სხდომა თბილისში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეკონომიკური კავშირები იზრდება, მათ შორის, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 64 მლნ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას საინვესტიციო კუთხით არსებული პოტენციალის რეალიზებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნებს შორის შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ, რომელსაც ხელი 2024 წელს მოეწერა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის ევროპის ენერგოსისტემის უსაფრთხოების თვალსაზრისით - მან ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მისი რეალიზების მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.