ცესკო რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმებს გადაითვლის

საოლქო საარჩევნო კომისიები ყოველ საარჩევნო ოლქში ბიულეტენებს ხუთ უბანზე გადათვლიან
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოს რეგიონების რიგ საარჩევნო უბანზე სამშაბათს გადამოწმდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
საოლქო საარჩევნო კომისიები ყოველ საარჩევნო ოლქში ბიულეტენებს ხუთ უბანზე გადათვლიან - ადგილები შემთხვევითობის პრინციპით განისაზღვრება.
რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიები გადათვლას 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან დაიწყებენ, თბილისში კი 17:00 საათზე. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შესაბამის უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ დააკვირდნენ ბიულეტენების გადათვლას.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცესკოს ბოლო მონაცემები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.