თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 1,69 მლნ ლარით (0,94%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით 59,37 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 949,87 მილიონი ლარით, ანუ 2,94%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 741,66 მლნ ლარით, ანუ 2,93%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,03 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 5,6%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,99 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 4,33%-ით მეტია.
სექტემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,37%-ით, ანუ 410,52 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 30,47 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 56,1%, რაც 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 0,02 საპროცენტო პუნქტით მეტია.
სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.