ვიცე-პრემიერი: საპარლამენტო არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდა

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირდა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ და სამაგალითოდ, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
„იყო 3.111 საარჩევნო უბანი და ფაქტობრივად, არ იყო არა თუ დარღვევა, არამედ ხმის მიცემის პროცესი სანიმუშოდ ჩატარდა. ვფიქრობ, რომ არჩევნები ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ და სამაგალითოდ მაღალ დონეზე ორგანიზაციული კუთხით, მათ შორის, ინოვაციების ეფექტურად გამოყენებით", - განაცხადა დავითაშვილმა.
არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირდა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი დარღვევა, თუ ასეთი რამ დადასტურდა, არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენ მუდმივად უნდა ვაუმჯობესებდეთ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს, პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება, არამედ ეხება განსაკუთრებით ეს საარჩევნო პროცესებს,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას, არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადა. მისი თქმით, გამოყენებული იყო ფალსიფიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, ხოლო „გაყალბების გასათეთრებლად“ თანამედროვე ტექნოლოგიები. მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სპეცოპერაცია და ხალხის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინება უწოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%