თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3.110 (99,968%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53,92% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა, მათ შორის „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე ალაპარაკდნენ.
მალაშხიას თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეგები არალეგიტიმურია.
„ჩვენ საკუთარ მანდატებზე ვამბობთ უარს“, - აღნიშნა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ სპექტრში „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ყველაზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვდა ხუთი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს, ჯამში მათ ამომრჩეველთა ხმების 37,58% მიიღეს, კერძოდ:
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).