თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ეუთო/ოდირის მისიის პირველადი დასკვნის შემდეგ, საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციასთან და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აღარ ჩნდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერთობლივი საერთაშორისო მისიის პრესკონფერენციის შემდეგ.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
„ჩვენ მანამდე ვიხილეთ შუალედური ანგარიში, საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ეუთო/ოდირის მხრიდან ვნახეთ შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აღარ არის კითხვის ნიშნები, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების ლეგიტიმაცია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი იყო მშვიდი და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში ჩაეტარებინა.
„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად ხმების 53,92% მიიღო. ამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,92%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).
პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.