უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ჯერჯერობით ვერ მიაქვთ

საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ, რადგანაც უამინდობის გამო ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ, იუწყება ქართული მედია
ახმეტის N18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძის განცხადებით, თუ ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ ჩაიტანეს, თუშეთში მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.
ამ დროისთვის დაკეტილია თუშეთის მიმართულებით მიმავალი სამანქანე გზაც.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არცერთი დარღვევა და საჩივარი არ დაფიქსირებულა, მოქალაქეთა აქტივობა კი საშუალოა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.