მდინარაძე: მარნეულში უბანზე ბიულეტენების ჩაყრა ოპოზიციის მიერ დადგმული სპექტაკლია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომხდარს კატასტროფა უწოდა
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულის რაიონში ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენების ჩაყრა იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მონაწილეობით ოპოზიციის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საუბარია სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე, სადაც კენჭისყრა ძველი სისტემით მიმდინარეობს. ვიდეოკადრებში ჩანს უცნობი პირი თუ როგორ მიდის საარჩევნო ყუთთან და მასში კონვერტებს ყრის. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება „არჩევნების გაყალბების" მუხლით დაიწყო.
„ეს სპეციალურად გაკეთდა. თუ ეს ახალი კადრები რეალურია და ამაში ჩართულია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ძალზე სამწუხაროა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგი მონაწილეობს ქვეყანაში არეულობის შექმნის გეგმაში, რათა ეს კადრები გავრცელდეს და დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი“, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, ვინ შეიმუშავა გეგმა, მან უპასუხა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიაა.
მან მსგავს ქმედებებს დანაშაული და დივერსია უწოდა.
„ვერავინ, ასეთი დადგმული სპექტაკლებით, რომელშიც ეს ადამიანი მონაწილეობს, პირდაპირ ზიანს ვერ მიაყენებს კონსტიტუციას, საქართველოს, კონსტიტუციურ წესრიგს და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, ძალოვანი სტრუქტურების მიდგომა იქნება შესაბამისი და სასტიკად დაისჯება ყველა პირი - იქნება ეს ადამიანი თუ სხვა ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში მოიფიქრებენ მსგავს რამეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, რომ კანონის დამრღვევს ვერავინ დაიცავს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომხდარს კატასტროფა უწოდა და პროცესის არაორგანიზებულობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დაადანაშაულა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.