თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაიზრდება იმაზე მეტად, ვიდრე ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,7%-დან 7,6%-მდე გაზარდა, ხოლო მომავალი წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 6%-იან დონეზე მიუთითა. ფონდის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპისა და რეგიონის ქვეყნებს შორის. ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში - 2024-2029 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება და საშუალოდ შეადგენს 5,6%-ს (ყველაზე მაღალი ზრდა ევროპის ქვეყნებს შორის ).
„ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით ხოლმე იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიან ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
„ქვეყანას საშუალოვადიან პერიოდში, 2024-2029 წლებში, ანალოგიურად ფართო რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც რა თქმა უნდა, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი ახორციელებს“, - განაცხადა პრემიერმა.
სსფ-ის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირში გაწევრიანების დანარჩენი კანდიდატების საშუალო მაჩვენებელს 2,5-ჯერ აჭარბებს, ხოლო 2024-2029 წლებში საშუალოდ 1,6-ჯერ გადააჭარბებს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მთავრობის ამოცანაა კიდევ უფრო გაზარდოს ეს ტემპი.
„ჩვენ გვაქვს ამისთვის გაწერილი, კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს. ამისთვისაა გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები და პროექტები და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მიზანს წარმატებით შევასრულებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სწრაფად იზრდება. 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%. საქართველოში 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალური ეკონომიკური ზრდა 12% იყო, ხოლო 2024 წლის იანვარ-აგვისტოში მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა - 10%.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ექნება. ADB-ის სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 7%, მაშინ, როცა აპრილის პროგნოზით 5%-ს შეადგენდა. ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური ზრდა 2025 წელშიც შენარჩუნდება და 5,5%-ის ნიშნულზე იქნება.
საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზს ივნისში გადახედა მსოფლიო ბანკმაც და მაჩვენებელი 5,2%-მდე გაზარდა, მაშინ როცა იანვარში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,8%-ით იწინასწარმეტყველა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი 2025 წელს საქართველოს მშპ-ის 5%-ით ზრდას ელის.