ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ცესკოს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია TransparenciaElectoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.
როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
„საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინტერესის საგანს წარმოადგენს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები, ისევე, როგორც კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები და ინსტიტუციის მზაობა ამ მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
უწყების ცნობით, კალანდარიშვილმა შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ისაუბრა ცესკოს წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.
მისი განცხადებით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის განხორციელების თაობაზე, რაც ერთის მხრივ გამჭვირვალობას და საჯაროობას უზრუნველყოფს, პასუხს გასცემს ყველა კითხვას თუ წუხილს და მეორე მხრივ კი, უპასუხებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
წყარო - ცესკო