შსს-მ წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა

შტურმისა და შეტევისას სპეცრაზმს შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა და სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განაახლა, განაცხადა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში წყლის ჭავლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მშვიდობიანი აქცია, რომლის ჩასატარებლადაც საჭიროა ნებართვა, შეკრების თავისუფლების შესახებ კანონის ფარგლებს სხდება.
„ახალი ტექნიკა შევიძინეთ, იგივე წყლის ჭავლის მანქანები. რომელიც შეძენილი იყო, 2006 წელს თუ 2007 წელს, წინა მთავრობის დროს, დიდი ხნის მანქანები იყო და დავამატეთ. ახალი ჭავლის მანქანები შევიძინეთ რამდენიმე, სხვადასხვა მოდიფიკაციის. ასევე სხვადასხვა ტექნიკა შევიძინეთ, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განახლდა, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე პისტოლეტები და ასე შემდეგ“, - განაცხადა გომელაურმა.
მან ასევე განმარტა, რომ შტურმისა და შეტევისას სპეცრაზმს შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც აქციაზე იმყოფებიან ბავშვები, არასრულწლოვანები, ორსულები.
„თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად. ახალ ბრძანებაში წერია, რომ გაუქმებულია წინა 2015 წლის ბრძანება და შეიძლება გამოიყენო ერთდროულად წყალი და გაზი და არა მარტო ეს - ევროპაში იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც აქციის დასაშლელად. ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები გაუტეხეს და ეგ შეიძლებოდა?!“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ბოლოჯერ პოლიციამ სპეცსაშუალებები მიმდინარე წლის გაზაფხულზე, „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გამოიყენა.
მკაცრი წინააღმდეგობა
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონპროექტის განხილვის მთელ პროცესს თან ახლდა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება, ასევე მასობრივი პროტესტი, რომელიც პერიოდულად გადაიზარდა არეულობებში.
არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ბარიკადებს აწყობდნენ და შენობაში შეღწევას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, აპრილ-მაისში ჯამში 210 ადამიანი დააკავეს, აქედან რვა პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე. ამ დროისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროტესტის მონაწილეთა უფლებების დარღვევის 138 შესაძლო ფაქტს სწავლობს.
დაკავებისას სცემეს პარლამენტის წევრები - იმ დროს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ასევე აქტივისტი დავით ქაცარავა. ხაბეიშვილს და ქაცარავას ოპერაციები ჩაუტარდა.
არეულობის დროს ასევე დაშავდა ათი ძალოვანი, რომელთაგან ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.