თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საპოლიციო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან შედგება, არჩევნების დღეს მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში იმუშავებენ, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
„ყოველი არჩევნების დროს მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, სადაც ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ), დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რადგან ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის“, - განაცხადა გომელაურმა.
მან ასევე პოლიციის ჯგუფების შექმნის პრინციპი განმარტა.
„ყალიბდება ჯგუფი, თელავი იქნება, სენაკი თუ ზუგდიდი, ამ ჯგუფში შედის რამდენიმე თანამშრომელი კრიმინალური პოლიციიდან, საპატრულოდან, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, დაცვის პოლიციიდან. ხელმძღვანელი ჰყავს რაიონს, რეგიონს და მას ბარდება ამ დანაყოფის თანამშრომელი“, - განაცხადა მინისტრმა.