თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 62 ქალაქსა და სოფელში 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული კერძო სახლების დაკანონების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობის დადგენილების თანახმად, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე აშენებული სახლები დაკანონდება იმ შემთხვევაში, თუ 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის აშენების ფაქტი დასტურდება მიმდებარე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული სათანადო ინფორმაციით, თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემებით ან ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით) აღნიშნულის საწინააღმდეგო ფაქტი არ დადგინდება.
საუბარია მხოლოდ საცხოვრებლის ფუნქციის მქონე ცალკე მდგომ შენობებზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება სამ სართულს მანსარდის გარეშე, რომელიც შეიძლება იყოს ერთ კონსტრუქციულ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად მიიჩნევა აგრეთვე სახლი, რომელიც არაუმეტეს 2 ინდივიდუალური საკუთრების საგნისგან შედგება.
მთავრობის დადგენილების თანახმად, სახლები კანონიერად მიიჩნევა, თუ აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დადასტურდება მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების თავსებადობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან.
იმ გეოგრაფიულ არეალებში (სოფლები, დასახლებები და ა. შ.) კი, რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ასევე საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა (მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის) და მის დამცავ ზონაში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიიჩნევა სამშენებლო დოკუმენტაციის ან შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის, ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, საჭიროა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა. ამგვარი დასკვნა I კლასის შენობა-ნაგებობებთან მიმართებით არ მოითხოვება.
ასეთი დასკვნის არარსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი რეგისტრირდება მითითებით: „სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე“.
დასახლებებს შორის, სადაც უკანონო შენობა-ნაგებობებს დააკანონებენ, არის კურორტები წყალტუბო, ბაკურიანი, მიტარბი, ბორჯომი, ბახმარო, ურეკი-შეკვეთილი, ქობულეთი, აბასთუმანი, შაორის ტბა, მცხეთა, სტეფანწმინდა, რუსთავი, ფოთი და ქუთაისი.