უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - მონაცემები განახლდა

9 თვის მანძილზე მებაჟეებმა მთლიანობაში ამოიღეს 85.402 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის სამ კვარტალში მებაჟეებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანის 751 შემთხვევა გამოავლინეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოვლინდა. კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 38.509 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.
9 თვის მანძილზე მებაჟეებმა მთლიანობაში ამოიღეს 85.402 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საქართველოში სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი აქციზს ექვემდებარება. ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში აქციზის ღირებულება გაიზარდა, რამაც გამოიწვია საქართველოში ალტერნატიული უაქციზო სიგარეტების აქტიური შემოდინება, რომლებიც მოთხოვნადია დაბალი ფასების გამო.
თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, რაც მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.