თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 23 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.