„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას თბილისში მასშტაბური აქციით დაასრულებს

საპარლამენტო არჩევნებ8ი 26 ოქტომბერს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება, განაცხადეს პარტიის პრეს-სამსახურში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია 17 ივლისს, ორთაჭალაში პარტიის ახალი ოფისის გახსნით დაიწყო.
მანამდე, 20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია „საქართველო ირჩევს ევროპას“ გაიმართა.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.