თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის პირველი ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით გააცნობს.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ძალიან მალე მუზეუმი კარს გაუღებს სტუდენტებს, ტურისტებს და საქართველოს სამართლის ისტორიით დაინტერესებულ ყველა პირს.
„ჩვენ შევასრულეთ კიდევ ერთი დაპირება და გავხსენით ქართული სამართლის უნიკალური ინოვაციური ჰოლოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს ქართული სამართლის ისტორიას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები - ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში, უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყოველივე ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.
სამართლის მუზეუმის გახსნის ცერემონიას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.