არჩევნებში ჩარევა: პაპუაშვილი საქართველოს შესახებ 13 ქვეყნის მინისტრის განცხადებაზე

საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა უწოდა და გაერთიანების სხვა წევრებს აღნიშნული განცხადების მხარდაჭერაზე უარისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც 13 ქვეყნის მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მიზეზად ქვეყანაში პროტესტისა დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად „გამჭვირვალობისშესახებ“ კანონის მიღება დაასახელეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ცილს სწამებას და შეურაცხყოფას აყენებს ევროკავშირისა და მისი წევრი-ქვეყნების წარმომადგენლებს.
„მადლობა ევროკავშირის 14 წევრ-ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა ამ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს, რომელიც ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენით საქართველოს არჩევნებში ჩარევაა, ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
შედარებისთვის მაგალითად მან მოიყვანა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი, რომელიც ევროკავშირის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლისა და დაშინების პირობებში ჩატარდა.
„რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება, თავად გააკეთო საქართველოში“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ერთობლივი განცხადების ის ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების ინტერპრეტაცია იმის თაობაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო შეჩერდა, ბოდვა ან, უბრალოდ, სიცრუეა.
„რაც შეეხება „ბოდვას“. ბოდვა ისეთი უნდა, წამების სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას რომ მოსთხოვ საქართველოს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის 9 ოქტომბრის რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების, „გამჭვირვალობის შესახებ“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმების შესახებ.
პაპუაშვილის თქმით, სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, მაგრამ მათ შედეგებზე პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღო.
„ყველამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა", - აღნიშნა სპიკერმა.
მისი თქმით, საქართველო ახლა განვითარების ძალზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის.
„ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე, ქმედებებზე, მოწოდებებზე ხალხის და ქვეყნის წინაშე", - დაწერა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველები ხმას საქართველოს ევროპულ მომავალს მისცემენ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.