თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმადაც გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.
„3.031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1.675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება“,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცესკო განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.