არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის ცენტრში ოპოზიციის მარში იმართება

მარშში ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ტარდება, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
მოქალაქეები, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 17:00 საათზე შეიკრიბნენ და 19:00 საათისთვის მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.
აქციის მონაწილეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულეს.
მარშში ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“
მმართველი პარტიის განცხადებით, კვირას გამართულ აქციაში ლგბტ-თემისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, ამ და სხვა მიზეზების გამო ბევრი ტოვებს ოპოზიციის რიგებს, ვინაიდან, ადათ-წესებით განთქმული ქართველი „პრაიდთან“ ერთად აქციებს ვერ ჩაატარებს.
„როგორ შეიძლება ქართველი კაცი, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, თავისი ადათ-წესებით განთქმული, ახლა ლგბტ-პროპაგანდასთან და მათ „პრაიდთან“ ერთად აქციას ატარებდეს? ამიტომ, ბევრი ტოვებს ოპოზიციურ პარტიებს... მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ გვეხმარებიან, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას განსხვავება ჩვენსა და ამ ლგბტ-საზოგადოებას შორის", - განაცხადა ზარქუამ.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.