თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მერვე ტურში „ემპოლის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს ანგარიშით 1:0 მოუტანა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. სექტემბრის ბოლოს იგი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მატჩის მეორე ნახევარში „ნაპოლი“ გააქტიურდა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნა. შეხვედრის 61-ე წუთზე „ემპოლის“ ფეხბურთელმა ფაუსტონო ანჯორინიმ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა - თერთმეტმეტრიანი ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა.
76-ე წუთზე კონტემ კვარაცხელია შეცვალა და მის ნაცვლად მინდორზე ბრაზილიელი დავიდ ნერესი გავიდა. მატჩის ბოლომდე ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.
დღეს მინდორზე კვარაცხელიას გარდა კიდევ ერთი ქართველი თამაშობდა - „ემპოლის" 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე. ორივე ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და ხშირად მოედანზე ერთმანეთთან ბრძოლა უწევდათ. გოგლიჩიძემ მოედანზე 78 წუთი დაჰყო.
8 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ 19 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
კვარაცხელიას გუნდი მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს „ლეჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.