თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. უსამართლოა საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის შესახებ განცხადებები უკრაინისა და მოლდოვას ქების ფონზე, სადაც ერთმანეთის მიყოლებით იხურება ტელევიზიები და პარტიები, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს სხდომის დასკვნის კომენტირებისას.
საქართველო იყო ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლის ვითარებაც 17 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს. ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს და ამით დე ფაქტო აჩერებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
„ევროპული საბჭოს დასკვნაში უკრაინას და მოლდოვას აქვს დადებითი შეფასებები, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ ტელევიზიებს, ხურავენ პოლიტიკურ პარტიებს, აღარ არსებობს არც მედია პლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, ყვავის კორუფცია, არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი, მოლდოვა რჩება დსთ-ს წევრად - აქ ხომ ობიექტურობა არის მთავარი და ამას ხედავს საზოგადოება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წლებია აწყდება უსამართლობას, ხოლო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამან უზარმაზარი მასშტაბები მიიღო.
პრემიერმა გაიმეორა ის, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ და რასაც ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში შეთქმულების თეორიას უწოდებენ, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. შემდეგ მან დაამატა, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ გულისხმობს არა ევროკავშირს, არამედ ძალებს, რომლებიც მასზე გავლენას ახდენენ.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა და ეს ყველამ იცის.
„უბრალოდ მოლდოვის მიმართ არ არის ის ინტერესები, რაც არის საქართველოს მიმართ... ავტორიტარიზმი (საქართველოში - რედ.) ხომ ტყუილია, არადემოკრატიული მმართველობა (საქართველოში - რედ.) ხომ ტყუილია... ტყუილზე დიდხანს ვერ იქნება დაფუძნებული ეს პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როგორც კი დასრულდება საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება განცხადებებიც და გადაიტვირთება ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ურთიერთობები შეიცვლება და აღდგება სამართლიანობა... ჩვენი მოლოდინები ეფუძნება ლოგიკას და არსებულ ინფორმაციას“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა მთავრობა პასუხისმგებლობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არაფერი არ შეუჩერებია.
„ჩვენი მესიჯია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ზუსტად ასე წინსვლა, იმისთვის, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრად სწრაფად უნდა განვითარდეს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
ჟურნალისტების თხოვნით, პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის კრიტიკაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ელჩმა, სხვა საკითხებთან ერთად, თქვა, რომ თუ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს ერთპარტიულ სახელმწიფოს, მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გაძევებას და ა.შ., ქვეყანა ევროკავშირს „ვერც დღეს იხილავს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს“.
„სამწუხაროდ, ეს განცხადება, მე ვიტყოდი, არ არის ობიექტური. ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას. ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ხალხის ნება იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ემართა ქვეყანა ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი რომელიმე ქვედანაყოფის მონაწილეობის გარეშე, განაცხადა მან.
ევროკავშირის ელჩის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, შეერთებული შტატები, ისევე როგორც უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირში გაწევრიანების სხვა კანდიდატი ქვეყნები, ერთპარტიული სახელმწიფოებია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„ეს ხომ აბსურდია. ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე პრემიერმა განაცხადა, რომ კანონი არ ზღუდავს არასამთავრობოების საქმიანობას და არ აწებებს მათ იარლიყებს, არამედ უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
„ერთადერთი, რაც მათ ახალი კანონით მოეთხოვებათ, არის ფინანსების გამჭვირვალობა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ევროპული პრინციპია. როდესაც გამჭვირვალობას ფუთავენ შეზღუდვად, ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული მმართველობაა.
„ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი... ხალხის არჩევანის პატივისცემა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.
დასავლეთის კრიტიკა პრემიერმა შეაფასა როგორც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.
„ამ განცხადებებს მიზანი აქვს, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. აქაც ნულოვანია რესურსია. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნითაც დადასტურდა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცედენტო საგარეო ჩარევის პირობებში მიმდინარეობს. ჩარევად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, ასევე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართომასშტაბიანი ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.