ყველაფერი ქართული „ენჯეოების“ შესახებ: შალვა პაპუაშვილმა რიცხვები დაასახელა

ამ დროისათვის უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156-მა ორგანიზაციამ დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალების რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ წარმოადგენს პრობლემას უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების 75%-სთვის, ხოლო უცხოური ძალის ინტერესების გამტარი რეესტრში რეგისტრაცია მიუღებელი მხოლოდ 136 ორგანიზაციისთვის აღმოჩნდა, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ Х-ში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციის და ოთხი ფიზიკური პირის სახელით სარჩელი შეაქვს.
„აქტიური ორგანიზაციებიდან, როგორც ჩანს, უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისათვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა. ამგვარად, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების 75 პროცენტზე მეტისთვის გამჭვირვალობის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნამდვილმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა. საქართველოში რეგისტრირებული 30 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაციიდან 25 ათასამდე ორგანიზაცია, უკვე წლებია, უმოქმედოა, ირწმუნება პაპუაშვილი.
„როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამ დროისათვის უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156-მა ორგანიზაციამ დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალების რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა. პაპუაშვილის თქმით, ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონს აპროტესტებენ.
მეტიც, კიდევ 300 ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია, აღნიშნა სპიკერმა.
„ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე პოლიტიკური არასამთავრობოსა და მათი დონორების მუქარის მიუხედავად, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება შეეწინააღმდეგებოდა მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცხადი გახდა ისიც, რომ 2023 წლის მარტში და 2024 წლის მაისში ქუჩაში ძალადობრივი პროტესტით გამოსული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოებას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, მათი პოლიტიზებული არასამთავრობოებისა და პარტიული ტელევიზიების მიერ იყვნენ მობილიზებულნი, აღნიშნა პაპუაშვილმა.
თავისი კომენტარი სარჩელთან დაკავშირებით პაპუაშვილმა დაასრულა სიტყვებით: „და, ჰოი საოცრებავ, სამყაროს დაპირებული დასასრულის მიუხედავად, მზე კვლავ დაჰნათის საქართველოს ულამაზეს სოფლებსა და ქალაქებს”.
როგორც საია-ში აღნიშნეს, აღნიშნული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.
მოსარჩელეების თქმით, რეზონანსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვს მუხლს არღვევს.
„ენჯეოებს“ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვთ>>
ეს მუხლებია: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებები (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლის).
კანონის მოწინააღმდეგეები კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.
კანონით დადგენილ ვადებში რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს 476 არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების შელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.