თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდა

ახალი, 11-სართულიანი შენობა შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ლიუბლიანას 70 ნომერში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა.
2021 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი გამოიყო. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია 2009 წელს კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ობიექტი გაიყიდა იმ პირობით, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში უნდა გადასულიყო.
კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება.
ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა.
ირაკლი კობახიძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობას ათვალიერებს
„კლინიკის გაფართოება და საკუთარი შენობა სამედიცინო ცენტრს მისცემს საშუალებას, პაციენტებს ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევა ადგილზე ჩაუტარდეთ. კლინიკას დაემატა გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც. რაც მთავარია, პაციენტების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ემსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კლინიკა ატარებს გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის თენგიზ ცერცვაძის სახელს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ის უშუალოდ იყო ჩართული ამ შენობის მშენებლობის დაგეგმვაში, განხორციელებაში. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭა.
„ბატონი თენგიზის ღვაწლი არის ფასდაუდებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი ინოვაციური მიდგომებით და მიღწეული შედეგებით საქართველო დღეს მოწინავეთა რიგებშია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალთა გუნდი განახლებულ, გაუმჯობესებულ პირობებში ღირსეულად გააგრძელებს ამ მემკვიდრეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ახალი, 11-სართულიანი შენობა შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.
ირაკლი კობახიძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობას ათვალიერებს
დღეს კლინიკაში დასაქმებულია 352 თანამშრომელი, მათ შორის 86 ექიმი და 71 ექთანი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად თენგიზ ცერცვაძე დაინიშნა.