თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორ უწყებად დაიყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ პარასკევს, 18 ოქტომბერს, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე დანიშნა. კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტურია 26 სექტემბრიდან, რადგან თეა წულუკიანმა საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შეყვანის გამო თანამდებობა დატოვა.
„არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა. კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მომავალში სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე გაუძღვება.
„ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაშლამდე გოგოლაძე მინისტრის მოადგილე იქნება და ზედამხედველობას გაუწევს სპორტს.
2017 წლამდე საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის ცალკე სამინისტრო არსებობდა, მაგრამ 2017 წლის ნოემბერში სამინისტრო დაიშალა და სპორტი კულტურის სამინისტროს გადაეცა.