ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სცენარისთვის მზად არის - ოხანაშვილი

ოთხშაბათს სუსმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში საარჩევნოდ პროვოკაცია მზადდება
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი გუნდი მზად არის ყველანაირი სცენარისთვის და შესაძლო საფრთხეებს აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოყვება, განაცხადა სუსის განცხადების კომენტირებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.
ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის, განაცხადეს სუსში.
„ის საფრთხეები, რაზეც ამ განცხადებაშია საუბარი არსებითია. რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური იქნება რეაგირება ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნების წინ სიფხიზლეს იჩენს>>
აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება, აღნიშნეს უწყებაში.
აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება, ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული პროვოკაციის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.