რომელი ვირუსი ცირკულირებს საქართველოში: ივანე ჩხაიძის განმარტება

ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული, აცხადებს ექიმი
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ამ დროისთვის ძირითადად ახალი კორონავირუსი ცირკულირებს, რომელიც პაციენტებში მძიმედ არ მიმდინარეობს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„ამჟამად საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული”, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ეს ვირუსები ძირითადად განაპირობებს მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. ისინი გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს. გართულების მხრივ შეიძლება გამოვლინდეს ბრონქიტი, ფილტვების ანთება - იშვიათად.
ამჟამად მდგომარეობის მართვაში პირველადი ჯანდაცვის რგოლია ჩართული, მათ, ჩხაიძის თქმით, დახმარება სჭირდება.
„როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია”, - განმარტა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა არის ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით.
„წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის. კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
გარდა ამისა, მან გრიპზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და, მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა.
ამასთან, მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, რისკის ჯგუფებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარონ.
„რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებიც. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა, ვაქცინაციის პროცესი კი ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.