თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას, განაცხადა ეკონომიკურმა ექსპერტმა, Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სწრაფად იზრდება. 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%. საქართველოში 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალური ეკონომიკური ზრდა 12% იყო, ხოლო 2024 წლის იანვარ-აგვისტოში მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა - 10%.
„ეკონომიკურ ზრდას მოჰყვება ახალი ბიზნესის შექმნა, ინვესტიციების შემოდინება ან არსებული ბიზნესების გაფართოება. ბუნებრივია, ამ პერიოდში იქმნება სამუშაო ადგილები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა და მთავრობამ მოახერხა უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალთან შეადრებით 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
ასევე, ექსპერტის თქმით, ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთ პრობლემად დასახელებულია სამუშაო ძალის დეფიციტი და კვალიფიკაციის ნაკლებობა.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 49% განიცდის პროფესიონალი კადრების დეფიციტს - კომპანიები სპეციალისტებისა და მუშახელის ნაკლებობას ბიძნესის განვითარების ძირითად ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ.
„თუ ჩვენ განათლების კომპონენტს ჩავრთავთ და უფრო მეტად უზრუნველვყოფთ განათლების და ბიზნესის დიალოგს, უფრო მეტად დაიკლებს უმუშევრობის დონე“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
პროფგანათლება პრიორიტეტშია
მას შემდეგ, რაც 2018 წელს საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.
განხორციელებულ რეფორმებს შორისაა ინტეგრირებული სწავლების პროცესი, როდესაც მეცხრე კლასის კურსდამთავრებულს შეუძლია პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება, რომელიმე პროფესიის დაუფლება და ამასთან, საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღება.
ასევე შემუშავებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რაც საშუალებას იძლევა ბიზნესის ხელშეწყობით შრომის ბაზრისთვის დიდი რაოდენობით ადამიანები გადამზადდნენ.
გარდა ამისა, 2023 წლის სექტემბერში მაშინდელმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააანონსა ახალი რეფორმა, რომლის მიხედვითაც სკოლებში გამოსაშვები კლასებისთვის (9-12 კლასები) პროფესიული განათლება დაინერგება.
სასკოლო პროგრამის ფარგლებში სწავლის პარალელურად მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ ერთი კონკრეტული პროფესია და გაიარონ სწავლება, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მიიღებენ როგორც სკოლის ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დიპლომი.
როდის დაიწყება რეფორმა, ჯერჯერობით, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ეს იქნება საპილოტე პროგრამა, რომელიც 40-50 საჯარო სკოლაში განხორციელდება. საქართველოში სულ 2.100 სკოლაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა და 15,5 ათასი სტუდენტი შეადგინა. გასულ წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8,1 ათასი შეადგინა, მათგან 48,3% ქალი და 51,7% მამაკაცია.
სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ბიზნეს-ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა, სამართალი და ჯანდაცვა.
პროფესიული განათლების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს თბილისის მერიასაც, რომელიც 2018 წლიდან ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამას აქვს დაახლოებით 50 მიმართულება, მათ შორის ტურიზმი, სასტუმრო სფერო, წარმოება, მომსახურება, სატრანსპორტო და ფინანსური სექტორები, IT, ჯანდაცვა და ვეტერინარია.
„ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში პროგრამის დაწყებიდან ამ დრომდ გადამზადდა 6,5 ათასი ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში 10 ათასი მოქალაქის ჩართვა იგეგმება.