რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს? - ექსპერტების პროგნოზი

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ეფუძნება ისეთ მაკროეკონომიკურ ფაქტორებსა და პარამეტრებს, როგორიცაა საგადახდო ბალანსი, ბიუჯეტის დეფიციტი, ექსპორტის მაჩვენებელი, განაცხადა ექსპერტმა.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს მინიმუმ 8,5%-ით გაიზრდება, ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოს მთავრობამ 2024 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 8%-მდე გაზარდა. თავდაპირველად, ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული, ივნისში კი პროგნოზი 6%-მდე გაიზარდა.
„ველოდები, რომ წლის ბოლოს ზრდა უფრო მაღალი იქნება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 8,5 % იქნება. ეს ჩემი შეფასებაა. ბუნებრივია, ეს იმ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და პარამეტრებს ეყრდნობა, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს, ესაა საგადამხდელო ბალანსი, ბიუჯეტის დეფიციტი, ექსპორტის მაჩვენებელი და ა.შ.“ - განაცხადა ცუცქირიძემ.
ცუცქირიძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ისე ქვეყნის მთავრობის მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საწყისი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა.
„ზოგადად, როდესაც წლის დასაწყისის სავარაუდო პროგნოზის გადასინჯვა ხდება, მით უმეტეს, ზრდის მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა კარგია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკა უფრო დინამიკურადაც კი ვითარდება, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო. დღეს წლიური მაჩვენებელი უკვე 6,5%-ია, დაახლოებით 2%-ით უფრო მაღალია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო“, - აღნიშნა ექსპერტმა.
გარდა ამისა, ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ პროგნოზი წლის ბოლოს შეიძლება ცოტა მაღალიც კი იყოს, მიუხედავად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა, რომელმაც, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდაზე გარკვეული ზეგავლენა იქონიოს.
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა>>
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ექნება. ADB-ის სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 7%, მაშინ, როცა აპრილის პროგნოზით 5%-ს შეადგენდა. ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური ზრდა 2025 წელშიც შენარჩუნდება და 5,5%-ის ნიშნულზე იქნება.
საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზს ივნისში გადახედა მსოფლიო ბანკმაც და მაჩვენებელი 5,2%-მდე გაზარდა, მაშინ როცა იანვარში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,8%-ით იწინასწარმეტყველა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი 2025 წელს საქართველოს მშპ-ის 5%-ით ზრდას ელის.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სწრაფად იზრდება. 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%. საქართველოში 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალური ეკონომიკური ზრდა 12% იყო, ხოლო 2024 წლის იანვარ-აგვისტოში მშპ-ს საშუალო რეალური ზრდა - 10%.