რა ნომრით გამოვა საქართველო „საბავშვო ევროვიზია-2024"-ზე

წელს კონკურსი 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2024“ საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე მეცხრე ნომრით წარდგება.
საქართველოს წარმომადგენელი შეასრულებს კომპოზიციას To My Mom, სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
საკონკურსო სიმღერის – To My Mom ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი მაკა დავითაიას ეკუთვნის. სიმღერაზე ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო. კოსტიუმზე – იზა ნადარეიშვილმა იმუშავა.
„საბავშვო ევროვიზია 2024“ 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 17 ქვეყანა მიიღებს.
Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის. 2021 წლის შემდეგ წლევანდელ „საბავშო ევროვიზიაზე" ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.
ზედიზედ მეშვიდე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. წლევანდელი „რანინას“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა.
11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.